Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 29 მაისი 2020 16:36

გორის ბაღების სააგენტო პანდემიის დროს ყოველ მესამე დღეს გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებდა

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საშუალოდ ყოველ მესამე დღეს გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებდა, რომელიც სცდებოდა კანონით დადგენილ 5 000 ლარიან ზღვარს, გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად სააგენტო გადაუდებელ აუცილებლობას უთითებდა.

 

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უწყებამ პირველი გამარტივებული შესყიდვა 25 მარტს განახორციელა, ბოლო კი, 8 მაისს. ამ პერიოდში სააგენტომ სულ 16 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა 6 სხვადასხვა კომპანიასთან, რომლის ჯამური ღირებულება ნახევარ მილიონს სცდება.
 
„ჩვეულებრივ პირობებში დათვლილი გვქონდა იმ აღსაზრდელების საშუალო რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად ესწრებოდა სააღმზრდელო პროცესს. პრაქტიკიდან გამომდინარე, 6 000 აღსაზრდელიდან საშუალოდ ტენდერს ვაცხადებდით 4 500 აღსაზრდელისთვის სამყოფ საკვებზე, რადგან დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ სტაბილურად სწორედ ამ რაოდენობის აღსაზრდელი ესწრებოდა სააღმზრდელო პროცესს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, გადაწყდა, რომ სახლში უნდა დაგვერიგებინა საკვები პროდუქტები აღსაზრდელებისთვის, ამ შემთხვევაში უკვე 6000-ვე აღსაზრდელის სამყოფი პროდუქტების შეძენა გახდა საჭირო, სწორედ ეს ვიგულისხმეთ, როცა შესყიდვის საფუძვლად გადაუდებელი აუცილებლობა მივუთითეთ“, - განმარტა ლია კოვზიაშვილმა.
 
ჯამში სააგენტომ 48 დღეში 16 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, რაც იმას ნიშნავს, რომ უწყება საშუალოდ, ყოველ მესამე დღეს აცხადებდა აფორმებდა ხელშეკრულებას.
 
არასამთავრობო ორგანიზაციის „შეაჩერე კორუფცია“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ენუქიძე აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, სააგენტოს საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ჩვეულებისამებრ, გამოეცხადებინა ტენდერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის გაუგებარია სააგენტოს არგუმენტი.
 
 
„გასაგებია, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყანაში, თუმცა პირველი რამდენიმე გამარტივებული შესყიდვის შემდეგ, სააგენტოს ჰქონდა იმის დრო, რომ ტენდერი გამოეცხადებინა. მით უმეტეს, რომ ერთსა და იმავე კომპანიებს რამდენჯერმე გაუფორმეს ამ პერიოდში ხელშეკრულება. პირველივე გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემდეგ, ეგრევე უნდა გამოეცხადებინათ ტენდერი“ , - განმარტავს ქეთევან ენუქიძე.
 
აღნიშნული 16 შესყიდვიდან ყველაზე მეტი - 5 ხელშეკრულება სააგენტომ შპს „GSC“ - სთან გააფორმა. უწყებამ აღნიშნული კომპანიისგან წიწიბურა, ბრინჯი,შვრია, ზეთი და შაქარი შეიძინა.
 
ქეთევან ენუქიძის განმარტების მიხედვით, სააგენტოს საკმარისი დრო ექნებოდა იმისათვის, რომ პირველი გამარტივებული შესყიდვის შემდეგ, გამოეცხადებინა ტენდერი და წესისამებრ, კონკურენტულ გარემოში განეხორციელებინა შესყიდვა.
 
ჯამში, სააგენტომ თვენახევრის განმავლობაში 518 437 ლარის პროდუქტები იყიდა გამარტივებული შესყიდვის ფორმით.