Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 04 მარტი 2020 14:00

კორონავირუსის გავლენა ბიზნესზე - შეფასებები გორის მაგალითზე

Rate this item
(0 votes)

კორონავირუსის გავრცელების საფრთხემ უკვე იქონია გავლენა ბიზნესზე - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორში მომუშავე სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

 

როგორც ისინი ამბობენ, კორონავირუსის დაფიქსირება და საზოგადოებაში გაჩენილი შიში სტუმრების რაოდენობაზე უკვე აისახა.

 

სასტუმრო "ლაქის" წარმომადგენელი ანა ჭიპაშვილი აბობს, რომ უცხოელმა სტუმრებმა მათთან ჯავშნები გააუქმეს.

 

"რამოდენიმე ჯავშანი გაგვიუქმდა, ამ ვირუსის გამო. დიდი ჯგუფი უნდა მოსულიყო ტრენინგის ჩასატარებლად და თავი შეიკავეს. ერთ- ერთმა ვიზიტორმა იტალიიდანაც გააუქმა ჯავშანი. რა თქმა უნდა ეს აუცილებლად აისახება სასტუმროს შემოსავლებზეც", - გვითხრა სასტუმროს მენეჯერმა.

სტუმრების რაოდენობა შემცირდა სასტუმრო "როიალ ჰაუსშიც".

 

სტუმრების რაოდენობამ იკლო სასტუმრო "როიალ ჰაუსშიც". 

 

"უცხოელმა ვიზიტორებმა გააუქმეს ჯავშნები, დაახლოებით 10 -მდე ჯავშანი გაუქმდა, შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლად იკლო სტუმრების რაოდენობამ, რაც რა თქმა უნდა აისახება შემოსავალზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სეზონი არ არის, წინა წელს უფრო მეტი სტუმარი იყო ჩვენს სასტუმროში, ახლა ამ ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ბევრი თავს არიდებს", - გვითხრა მაია გიორგაშვილმა.

 

უარყოფით გავლენაზე საუბრობენ სარესტორნე ქსელის წარმომადგენლებიც. მაგალითად, რესტორან "მარანში" სამხრეთ კორეელებმა ყველა ჯავშანი გააუქმეს.

 

"ვირუსი უკვე სერიოზულ გავლენას ახდენს სარესტორნო ბიზნესზე. სამხრეთ კორეიდან საერთოდ გამიუქმდა 7, 10, 16 მარტის ტურები. იმ შემთხვევაში, თუ არ შემცირდა ვირუსის გავრცელების ტემპი, ფაქტიურად სეზონი ჩავარდება, რაც კატასტროფა იქნება", - გვითხრა "მარანის" დირექტორმა ირაკლი კარიჭაშვილმა.

 

კორელეებმა ერთი ჯავშანი გააუქმეს რესტორან "შინ და გორშიც".

 

"ყველა ვარიანტში, უარყოფით გავლენას იქონიებს ყველა რესტორნის მუშაობაზე,,თუ ვირუსის გავრცელებამ უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მხოლოდ ერთი ჯავშანი გაუქმდა კორეული ჯგუფების მიერ. ალბათ თვითონ იმათ გააუქმეს".

 

ადუაშვილი ფიქრობს, რომ ვირუსისგან თავდაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

 

"ჩვენ უარს არც ერთ ტურისტს არ ვეუბნებით. თუ ქვეყანაში შემოდის ტურისტი და მას შესაბამისი სამსახურები შემოწმების შედეგად უშვებენ, მე რა მოტივით არ შემოუშვა?! ეს სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს. ორი ახალი ჩინური კომპანია დამიკავშირდა ახლახანს და ჯავშანიც გააკეთეს".

 

სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფომ უნდა უშუამდგომლოს ბანკებთან იმ ბიზნესებს, რომლების სესხით ავითარებენ ბიზნესს.