Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 26 თებერვალი 2020 20:33

გადაადგილების შეზღუდვა საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომების მიზეზით

Rate this item
(0 votes)

ჟურნალისტები დღეს სოფელ ქვეშში ვერ შევიდნენ. მათთან ერთად, საგუშაგოზე უშედეგოდ ლოდინი სამოქალაქო აქტივისტებსაც მოუწიათ.

 

ერთ - ერთი მათგანი "ტვ პირველის" ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე აღმოჩნდა, რომელიც ფიქრობს, რომ სამართალდამცავები მისი გადაადგილების უფლებას ზღუდავენ და ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

 

"ეს პირველი შემთხვევა არ არის და მედიის წარმომადგენლებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან.ახლაც ვიმყოფები სოფელ ქვეშთან. სახელმწიფო უსაფრთხოების პრესცენტრს დავურეკე და ვითხოვე სოფელში შესვლა, მაგრამ ვერ გვისახელებენ მიზეზს, რის გამოც გვეზღუდება გადაადგილება. ჯერ გვეუბნეოდნენ, რომ ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის ხდებოდა, მერე რაღაც რეგულაციები, რომელიც არსად არ წერია“, -გვითხრა მახო მიქელაძემ.

 

გასულ კვირას მსგავსი პრობლემა შეექმნა ნინო ჩიჩბიურსაც, რომელიც სოფელ ხურვალეთში ტრენინგის ჩასატარებლად მიდიოდა.

 

"ერთ - ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიწვეული ვიყავი, როგორც ტრენერი. 2-საათიანი შეხვედრა დევნილთა დასახლებაში მქონდა დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი დღით ადრე დარეკილი მქონდა შსს -ს პრესცენტში, საგუშაგოსთან გამაჩერეს, სამი საათი მალოდინეს და საბოლოოდ, უარით დამატოვებინეს ტერიტორია“, - ამბობს ნინო ჩიბჩიური.

 

ჟურნალისტებისთვის და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილისთვის გაუგებარია, რა პრინციპით უშვებენ ადამიანებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში. ისინი ამბობენ, რომ არიან მედიები და ორგანიზაციები, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა არ ექმნებათ.

ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლია გორის მერს. კონსტანტინე თავაზარაშვილი ამბობს, რომ გადაადგილების პრობლემის შესახებ მას არც კი სმენია.

 

“თუ ჟურნალისტები ფიქრობთ, რომ ეს სისიხლის სამართლის საქმეა, მიმართეთ შესაბამის უწყებას. მე ამ სოფლებში უპრობლემოდ გადავაადგილდები, სუსთან შეთანხმების გარეშე. რაიმე განსაკუთრებული ამ სოფლებში არ ხდება. არ ვიცი ვინ ან რატომ არ გიშვებთ, ასეთ ინფორმაციას მე არ მაწვდიან“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა

 

მხარის გუბერნატორი ჟურნალისტებს ურჩევს, რომ ეს საკითხი შსს-თან გაარკვიოს, თუმცა ფიქრობს, რომ შეზღუდვა ჟურნალისტების უსაფრთხოების გამო ხდება.

 

"თუ რაიმე შეზღუდვა ვრცელდება ისევ და ისევ თქვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადაადგილება თქვენივე უსაფრთხოებისთვის გეზღუდებათ", - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი

 

რადიო“ მოზაიკა“ საკითხის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეეცადა.

 

შსს -ს პრესცენტრის გიორგი თუხარელის განმარტებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას კონკრეტულ დღეს იღებს შესაბამისი სამსახური.

 

“გადაწყვეტილების მიღება ხდება კონკრეტულ დღეს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეიძლება შევუშვათ რომელიმე ორგანიზაცია. კონკრეტული მედიები როგორ ახდენენ გადაადგილებას, ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. გააჩნია ვითარებასაც რა მიზნით სურთ ამა თუ იმ ჟურნალისტსა თუ აქტივისტს ასეთ ზონებში შესვლა“.

 

შექმნილ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა ცენტრი აფასებს. იურისტ ლექსო მერებაშვილის თქმით, ვლინდება დისკრიმინაციული ფაქტები და შესაძლებელია სისხლის სამართლის დანაშაულიც, რადგან ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ პროფესიული საქმის შესრულებაში.

 

“ძირითადი მიზანი, იმისა, რომ ზოგ ორგანიზაციას ან ჟურნალისტს უშვებენ არის ის, რომ არ დაიწეროს და არ ითქვას ის, რაც ამ სოფლებში ხდება. დამეთანხმებით ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია არ დაწერს არაფერს. რაც შეეხება გადაადგილებას, ეს პრობლემა არ უნდა ექმნებოდეს, არც ჟურნალისტს და არც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, რადგან იქ არაფერი ისეთი არ ხდება, რომ ვინმეს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდეს. იმ ფონზე, როცა ადგილობრივები იქ ცხოვრობენ და თავისუფლად გადაადგილდებიან. აშკარაა, რომ დისკრიმინაციული ფაქტი ვლინდება და შეიძლება გავიდეთ სისხლის სამართლის დანაშაულზე, რაც ჟურნალისტისთვის ხელის შეშლაში ვლინდება“, - ამბობს ლექსო მერებაშვილი

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონით ირღვევა ჟურნალისტის უფლებები, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაადგილების შეზღუდვას უსაფრთხოების დაცვით ხსნის.