Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 31 იანვარი 2020 12:15

"უმცირესობების გარიყვით ვკარგავთ სიმდიდრეს“ - გიორგი მშვენიერაძის ლექცია გორის დემოკრატიის სკოლაში

Rate this item
(0 votes)

გორის დემოკრატიის სკოლაში, კონსტიტუციონალისტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა და თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორმა ლექცია ჩაატარა, რომელიც სიძულვილის ენის გამოყენების მიზეზებს და გამოხატვის თავისუფლებას შეეხებოდა.

 

 

მშვენიერაძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, თუ საიდან მოდის სიძულვილი და ლექციაზე სხვადასხვა უმცირესობების გარშემო შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. იგი ქსენოფობიას სიძულვილის ენის გამოყენების ერთ-ერთ მიზეზად განიხილავს. მისი აზრით, ეთნიკური ჯგუფებისადმი გამოვლენილი სიძულვილი შეიძლება ორად დაიყოს: ტრადიციული ეთნიკური უმცირესობების და ახალი უმცირესობების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა.

 

"ტრადიციულ უმცირესობებს ჩვენი ქვეყნის შიგნით წარმოადგენენ ოსები , აფხაზები, სომხები, აზერბაიჯანელები, ბოშები და სხვა. მათთან მიმართებაში დღემდე ვერ შედგა მათი ინტეგრირება საზოგადოებაში, განსაკუთრებით იქ სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული ეთნიკური უმცირესობები. ეს დასახლებები სახელმწიფოს მხრიდან აღიქმება, როგორც მეორეხარისხოვანი, ხოლო უმცირესობების არსებობა ქვეყანაში აღიქმება, არა როგორც სიმდიდრე და მრავალფეროვნება, არამედ როგორც უსაფრთხოების საკითხი". 

 

მშვენიერაძის თქმით, მეტ-ნაკლებად დადებითი ძვრები გვაქვს ეთნიკურად აზერბაიჯანულ თემში, სადაც გამოიკვეთა ადგილობრივი ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც სხვადასხვა პარტიებს მიეკუთვნებიან, თუმცა მშვენიერაძის განმარტებით, ეს დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, პირიქით ხელი უნდა შეეწყოს ამ პროცესს.

რატომ არის საერთოდ ეს პოლიტიკური პარტიული ცხოვრება კარგი ქვეყნის განვითარებისთვის? - ეს ის ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც მშვენიერაძემ ლექციაზე დასვა. მისი აზრით, პარტიულმა დაპირისპირებებმა შესაძლოა თავიდან აგვარიდოს ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებები.

 

"სინამდვილეში პარტიული ტიპის დაპირისპირებები ქმნის სიმშვიდის წყაროს და თავიდან გარიდებს ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებებს. პარტიული ცხოვრების გაძლიერება და მათში უმცირესობების მონაწილეობა, ერთგვარად უსაფრთხოების საკითხიც არის ქვეყნისთვის, სიმშვიდის გარანტია არის -ეს არის ფორმულა, რომელიც მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში მუშაობს“,- ამბობს მშვენიერიძე

 

მშვენიერაძე იმ ფაქტებზეც აკეთებს აქცენტს, როდესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს საზოგადოებაში დამკვიდრების მიზნით, გვარის გადაკეთება უწევთ.

 

"ჩვენი საზოგადოების ნაწილს უწევს გვარის გადაკეთება, ესა თუ ის თანამდებობა დაიკავოს და ამით ახერხებენ წინსვლას. თუ შენ ხარ გვარად მაგ.: მამედოვი, არ გაქვს შანსი წინ წახვიდე პოლიტიკურად იმიტომ, რომ მიუღებლობაა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ თუ კი გვარად ხარ "ქართველიშვილი“ ეს პრობლემა არ გაქვს.ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში". 

 

მშვენიერაძე ცალკე გამოყოფს ე.წ ახალი უმცირესობების პრობლემებს საქართველოში. მისი აზრით, ჩვენს საზოგადოებას უჭირს მიიღოს განსხვავებული კანის ფერის ან ტრადიციების მქონე ეთნიკური უმცირესობები.

 

"ახალი უმცირესობები განსხვავებულ პრობლემებს ხვდებიან საქართველოში. მაგალითად, როცა აქ საცხოვრებლად ჩამოდის ევროპელ; მათთან საზოგადოებას არ აქვს პრობლემა, მათ იღებს საზოგადოება მეტ-ნაკლებად, მაგრამ ინდოელი თუ ჩამოდის პრობლემაა. ერთი ქეისი გვქონდა, სოფელი მაჩხაანია კახეთში, სადაც ინდოელებმა იყიდეს სასოფლო-სამეურნეო მიწები და 3-ჯერ მოიყვანეს მოსავალი წელიწადში, რადგან ჰქონდათ სათანადო გამოცდილება. აუჯანყდა მოსახლეობა, რა არ მოიგონეს, მათ რომ მოსავალი მოჰყავთ, ჩვენს მიწას ფიტავს ქვემოდანო, ჩვენთან ამიტომ აღარ მოდის მოსავალიო. საბოლოოდ, ეს ინდოელები გამოყარეს აქედან." 

 

გიორგი მშვენიერაძე სიძულვილის ენაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ჰომოფობიაზეც. მისი აზრით, საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე ფეხმოკიდებული პრობლემაა.

 

"აქ პერიოდულად ღვივდება ხოლმე, რომ ბოროტი დასავლეთი გვაიძულებს რაღაცის გაკეთებას. სინამდვილეში რაზეა ლაპარაკი? წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, ჩვენ, ადამიანებს რომელსაც ვრიყავთ ჩვენი საზოგადოებიდან და არ აძლევთ თანასწორი არსებობის შესაძლებლობას, მათი სახით ვკარგავთ ეკონომიკური დოვლათის მიღების საშუალებასაც". 

 

 

 

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, მშვენიერაძე ამბობს, რომ ჰომოფობიის მიმართულებით, საზოგადოების განწყობები მცირედით იცვლება.

 

 

შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა დასავლურ ღირებულებებზე - თანასწორობასა და თავისუფლებაზე - "ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი პროცესი, ეს არის ღირებულებითი პროცესიც."

ლექციას გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.