Back to Top
კვირა, 26 იანვარი 2020 14:30

დისკრიმინაცია სამუშაოს ძებნის პროცესში - 3 ამბავი გორიდან

Rate this item
(0 votes)

ხშირია შემთხვევა, როცა გასაუბრებიდან სამსახურის მაძიებელი იმედგაცრუებული გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელი პირდაპირ იშვიათად გვეუბნება, რომ ჩვენს დასაქმებას არ აპირებს, ამას დიდწილად უთქმელადაც ვხვდებით. 

 

ვიქტორ ქარქიშვილი 28 წლის არის. ეტლით სარგებლობს, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობები მისთვის არასდროს ყოფილა დაბრკოლების საფუძველი. გორში ახსოვთ მისი პოლიტიკური და კულტურული აქტივობები. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ის „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარულ სიაში N1 იყო. გარდა ამისა, ის არის პარამოცეკვავეა. საქართველოს სახელი არაერთხელ გაიტანა საერთაშორისო კონკურსებსა თუ ფესტივალებზე. გასულ წლებში ის იყო ფესტივალ "ოქროს ფრინველის" გამარჯვებული და თბილისში გამართული კონკურსის "ივერია - ბრილიანტი" გრანპრის მფლობელი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი აქტიური ცხოვრების წესს მისდევს, მას ბევრი ისეთი შემთხვევა ახსოვს, როცა სამსახურში მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ აიყვანეს.

 

„ბევრი შემთხვევა მქონია, როცა დამსაქმებელს გაუგია, რომ ეტლით მოსარგებლე ვარ და უარი უთქვამს სამსახურზე. ერთხელ თბილისშიც კი წავედი გასაუბრებაზე, რომ ერთ-ერთ კომპანიაში მემუშავა და როდესაც ჩავედი დამსაქმებელმა მითხრა - დიდი ბოდიში, მაგრამ ეტლით მოსარგებლე ხარ და ვერ იმუშავებ, რადგან ჩვენს პოზიციაზე გაგიჭირდება მუშაობაო, არადა საოფისე საქმე იყო, სახლიდან უნდა მემუშავა, რადგან კომპიუტერით იყო ძირითადი საქმე გასაკეთებელი“, - იხსენებს ვიქტორი.

 

 

 

მისი თქმით, შეეძლო გაგებით მოკიდებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, დამსაქმებელმა არ დამალა აღშფოთება მისი ეტლის დანახვისას.

 

„შევედი თუ არა გასაუბრების ოთახში, ჯერ იმ გოგოს ელდა ეცა და მერე ეგრევე მითხრა, - იცი რა ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ, მაპატიე, მაგრამ შენ ეტლით მოსარგებლე ხარ და ვფიქრობ, შენ თავს დისკომფორტს მოუტან ასეთი მუშაობითო. მე ვუთხარი, რომ პირიქით, არ მაქვს პრობლემა -მეთქი და მითხრა, რომ სამწუხაროდ ვერ ამიყვანდა სამსახურში. ბოდიში მომიხადა და დამემშვიდობა“, - ამბობს ვიქტორი.

 

არაერთი იმედგაცრუების მიუხედავად, დღესდღეობით, ვიქტორ ქარქიშვილი დასაქმებულია. ის გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში მუშაობს. ქარქიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების გამო არ აიყვანეს სამსახურში. გარდა ამისა, არსებობს ბევრი ისეთი შემთხვევა, როცა განსხვავებული აზრის ან პოლიტიკური შეხედულების გამო არ აჰყავთ კადრი სამსახურში. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას რადიო „მოზაიკასთან“ ადვოკატი თამარ თედლიაშვილი იხსენებს.

 

თამარ თედლიაშვილი პროფესიით ადვოკატია. ის გორის საკრებულოს 2014-2017 წლების მოწვევის დეპუტატი იყო, ამავდროულად, მმართველი პარტიის კოალიციის წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“. იგი ერთ-ერთი პირველი იყო კოალიციიდან, ვინც „ქართულ ოცნებას“ ღიად დაუპირისპირდა და კრიტიკული აზრი გააჟღერა საკრებულოში. მას შემდეგ, რაც წინა მოწვევის საკრებულოს ვადა ამოეწურა, თედლიაშვილმა მერის თანაშემწის პოზიციაზე სცადა დასაქმება. ვაკანსია საჯარო სამსახურების ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. იგი იხსენებს გასაუბრების დეტალებს.

 

„პირველი ეტაპი - დოკუმენტების გადარჩევის ეტაპი წარმატებით გადავლახე და გასაუბრებაზეც დამიძახეს. გასაუბრება მიმდინარეობდა აბსოლუტურად ფორმალურ გარემოში. წარვადგინე თავი და ვთხოვე გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს დაესვა შეკითხვები. მას გაეღიმა და მიპასუხა, რა შეკითხვა უნდა დაგისვა ისეთი, პასუხი რომ არ გქონდესო და კონსტიტუციიდან მაინც მკითხეთ რამე -მეთქი, ხუმრობით ვუპასუხე. წამოვედი გაღიმებული“, - იხსენებს თედლიაშვილი.

 

 

სულ მალე, იმეილზე ეცნობა, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. შესაბამისად, უარი ეთქვა სასურველ თანამდებობაზე დანიშვნაზე. როგორც თავად ამბობს, პასუხი არ გაკვირვებია, რადგან ზუსტად იცოდა, რომ არ აიყვანდნენ. კითხვაზე, თუ რატომ გავიდა გასაუბრებაზე, თუ მაინც იცოდა, რომ არ დასაქმდებოდა, თამარი გვპასუხობს:

 

„მაინტერესებდა 20 წლის სამუშაო სტაჟით და დიდი გამოცდილებით ადამიანს როგორ დამიწუნებდნენ. ზუსტად ვიცოდი, წინასწარ უკვე ჰყავდათ თითქმის დანიშნული ადამიანები თანაშემწეებად, მაგრამ მაინც გავედი კონკურსზე“.

 

თედლიაშვილის აზრით, სამსახურში იმიტომ არ აიყვანეს, რომ „არ იყო მათი გუნდის წევრი".

 

ქარქიშვილის და თედლიაშვილის ამბებისგან განსხვავდება კიდევ ერთი გორელის, ნინო გოგიჩაშვილის ამბავი. იგი 37 წლის არის, პროფესიით ფილოლოგი. საკუთარი სპეციალობით არასდროს უმუშავია, ბოლო 3 წელია, ინტენსიურად ეძებს სამუშაოს, უკვე პროფესიის გარეთაც, თუმცა უშედეგოდ.

 

„თავდაპირველად ორსულობამ შემიშალა ხელი, არსად არ უნდოდათ ორსულის და შემდეგ უკვე ისეთი ქალის დასაქმება, რომელსაც ახალშობილი ჰყავდა სახლში. ძალიან რთული იყო ჩემთვის სამსახურის პოვნა. პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ ორსულის აყვანისგან თავს იკავებდნენ. როგორც ჩანს, ახალშობილის ყოლაც ხელისშემშლელია დამსაქმებლისთვის“, - ამბობს ნინო.

 

იგი დღემდე აქტიურად ეძებს სამსახურს. პარალელურად, განვითარებაზეც ფიქრობს. მუდმივად ანახლებს ცოდნას პროფესიის გარშემო. მონაწილეობს სხვადასხვა ტრენინგებსა და კურსებში, თუმცა ამბობს, რომ პირობები, რომელსაც დამსაქმებელი ვაკანსიით დაინტერესებულ ადამიანებს სთავზობს, დისკრიმინაციულია, რადგან ხშირად ხაზი ესმევა ასაკობრივ ზღვარს.

 

„საიტებზე გამოქვეყნებულ განცხადებებში დამსაქმებელთა დიდი ნაწილი, გარდა სხვა მოთხოვნებისა, უთითებს ასაკსაც. შესაბამისად, აწესებს ასაკობრივ ზღვარს. არის განცხადებები, რომლებიც მხოლოდ 35 წლამდე, ან 25 წლამდე პირებისთვისაა გათვლილი. კონკრეტული ასაკი კვლავ რჩება რიგ შემთხვევაში უპირატესობად, რიგ შემთხვევაში ნაკლად, რომელიც ნაკლებ შანსს უტოვს ადამიანს აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები“, - ამბობს ნინო გოგიჩაშვილი.

 

თითოეულ ამ შემთხვევას იურისტი დავით გიგაური განიხილავს. მისი აზრით, დისკრიმინაციულია მიდგომა, როდესაც ადამიანი სამსახურში არ აჰყავთ რაიმე განსხვავევბული ნიშნის გამო.

 

„პირველ შემთხვევაში ეს იყო შეზღდუდული შესაძლებლობის გამო დაწუნებული კადრი, მეორე შემთხვევაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებს გამო, მესამე შემთხვევაში კი, ასაკის გამო. ერთის მხრივ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განსხვავებულობით დისკრიმინაცია არაა ის, როდესაც მოდელს 90-60-90 პარამეტრებს სთხოვენ და სხვა კანდიდატებს უარს ეუბნებიან ანუ გააჩნია სამსახურის სპეციფიკას, მაგრამ ის ფაქტი, როდესაც შენ განსხვავებული ხარ, შენ საქმეს ძალიან კარგად უძღვები, მაგრამ მაინც გბლოკავენ სამსახურიდან ან გათავისუფლებენ, ამ შემთხვევას შეგვიძლია ვუწოდოთ დისკრიმინაცია“, - აცხადებს დავით გიგაური.

 

 

დავით გიგაურს მაგალითად მოაქვს სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციები,რომელიც სახელმწიფოს აიძულებს უზრუნველყოს თანასწორობის საკითხები, მათ შორის დასაქმების სფეროშიც.

 

„მიმაჩნია, რომ ყოველ ადამიანს სახელმწიფო განვითარების თანაბარ შესაძლებლობას უნდა აძლევდეს, მაგრამ საბედნიეროდ, ეს მხოლოდ მე არ მიმაჩნია, ამას ამბობს ევროპის ადამიანის უფლებათა რომის კონვენცია და განავრცობს ყოველი დამატება, რაც კი 1950 წლის შემდეგ განხორციელდა ხსენებულ სამართლებრივ აქტში. ადამიანთა თანაბარ შესაძლებლობებზე უთითებს ასევე ანგლო-საქსური სამართლის მქონე სახელმწიფოები, მნიშვნელობა არ აქვს ლიბერალური იქნება ესა თუ ის ქვეყანა, სოციალ-დემოკრატიული, შერეული თუ სხვა ფორმის. ადამიანები დღეს თანხმდებიან იმაზე, რომ მათი განსხვავებების მიუხედავად საერთო შესალებლობებით უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ“, - აცხადებს დავით გიგაური.

 

 

 

 

მასალა მომზადებულია გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პროექტის "მედიაადვოკატირების კამპანია ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისთვის" ფარგლებში. რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციოაციის მიერ . მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები, მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს საიას ოფიციალურ პოზიციებს