Back to Top
შაბათი, 25 იანვარი 2020 16:28

რესტავრაციიდან 2 წლის შემდეგ "ერეკლეს აბანო" კვლავ დაკეტილია - როდის გაიხსნება ისტორიული შენობა

Rate this item
(0 votes)

"ერეკლეს აბანო" ახალ ტურისტულ სეზონს მომზადებული შეხვდება" , - ამის შესახებ რადიო "მოზაიკასთან" გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა, რობერტ მაღლაკელიძემ გადაცემაში "თვითთმართველიბის დრო" ისაუბრა.

 

 

ერეკლეს აბანოს რესტავრაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა ოფიციალურად გახსნის შემდეგ, შენობაში არც ერთი ღონისძიება არ გამართულა.

 

რესტავრაციიდან მოკლე ხანში, შენობაში ნესტის პრობლემა გაჩნდა. რობერტ მაღლაკელიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს "ერეკლეს აბანო" და მასში არსებული საგამოფენო სივრცე ფუნქციონირებას მალე შეძლებს.

 

"ძალიან მალე მზად იქნება ერეკლეს აბანო, იმისთვის, რომ იმუშაოს იმ დატვირთვით, რისთვისაც გაიხსნა თავდაპირველად, რეაბილიტაციის შემდეგ. შენობას ჰქონდა თავისი, ბუნებრივი ვენტილაცია, რისი წყალობითაც დღემდე შემოინახა. რესტავრაციის დროს გადაწყვიტეს, რომ არ დაზიანებულიყო ძვირფასი ქვაფენილი, ზედ გადააფარეს მინის საფარი, ამან გამოიწვია ის რომ, მინის ქვეშ მოქცეული სივრცეები დაიორთქლა და გაჩნდა ნესტი. ვეღარ ხდებოდა კონდიცირება. ამიტომ ყველაფერი შეაჩერეს, ისევ ახადეს მინები და ახლა მიმდინარეობს სპეციალისტებთან ერთად მუშაობა. სულ მალე გამოცხადდება ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ. მათ უკვე შემუშავებული აქვთ ესკიზი, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და "ერეკლეს აბანო" ფორმაში ჩადგება", - გვითხრა რობერტ მაღლაკელიძემ.

 

ინფორმაციისთვის, ისტორიული შენობის რესტავრაციისთვის 46 500 ლარი დაიხარჯა, ამ დროისთვის შენობის კარი დაკეტილია.

 

ერეკლეს აბანო სპარსული სტილის ისტორიული ნაგებობაა, რომლის მშენებლობას მკვლევართა ნაწილი მე-17 საუკუნეს, ნაწილი კი მე-19 საუკუნეს უკავშირებს. შენობის რესტავრაცია გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წელს დაიწყო და 2018 წლის 18 მაისს დასრულდა.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.