Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019 17:13

რატომ (არ) უნდა დაბრუნდეს სტალინის ძეგლი გორში

Rate this item
(0 votes)

“მეგობრობა და სამართლიანობა“ გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს. ორგანიზაციის ინიციატივა უკვე შეფასდა უკანონო მოთხოვნად.

ორგანიზაციის "მეგობრობა და სამართლიანობა" სახელით, რადიო "მოზაიკას" ბესო კაიშაური ესაუბრა. მისი თქმით, სტალინის ძეგლი ძველ ადგილზე უნდა დაბრუნდეს.

“ვითხოვთ სტალინის ძეგლი ძველ ადგილს დაუბრუნდეს. ეს შეურაცხმყოფელი და ვანდალური ფაქტი რაც მოხდა, ხალხისგან დამოუკიდებლად, ისევ ხალხის ნებით უნდა აღსდგეს და ძეგლი დაბრუნდეს", - ამბობს კაიშუარი.

ორგანიზაციის ინიციატივა უკვე შეფასდა უკანონო მოთხოვნად და საზოგადოების გამოხმაურებაც მოჰყვა. მოქალაქეთა ნაწილი აქცენტს კანონზე "თავისუფლების ქარტია" აკეთებენ და ამბობენ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, სტალინის ძეგლის დაბრუნების გარანტიები არ არსებობს.

მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ, ბესო კაიშაურს ორგანიზაციას "მეგობრობა და სამართლიანობა" პარლამენტარების მხარდაჭერის იმედი აქვთ.

"როგორც ვიცით, თავისუფლების ქარტია ეწინაღმდეგება საბჭოთა სიმბოლიკების და ძეგლების არსებობას. ამიტომ პარლამენტარებს ვთხოვთ ცვლილება შეიტანონ. ჯერ გორის დეპუტატებს ვთხოვთ, თუ მათ უარი თქვეს ჩვენს მხარდაჭერაზე, შემდეგ სხვა პარლამენტარებს მივმართავთ, თუ საჭირო ხელმოწერებსაც შევაგროვებთ“, - განაცხადა ბესო კაიშაურმა.

მან რადიო "მოზაიკასთან" ლიბერალური ღირებულებების მავნებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, წინ ეროვნული ფასეულობები წამოიწიოს.

"ლიბერალურ ღირებულებებს ჯერ კიდევ "დემოკრატიის სკოლაში" სწავლის დროს ვეწინააღმდეგებოდი. მართალია, სკოლის კურსი ბოლომდე გავიარე, მაგრამ ლიბერალურ პოლიტიკას არ ვეთანხმები, რადგან ჩემს ეროვნულ ღირებულებებს ეწეინააღმდეგება“, - გვითხრა კაიშაურმა.

კაიშაური "დემოკრატიის სკოლის" ის კურსდამთავრებულია, რომელმაც საკუთარი სადოქტორო ნაშრომის პრეზენტაცია სწორედ საკუთარ კურსელებთან, გორის "დემოკრატიის სკოლაში" გააკეთეა. ამას სკოლის კოორდინატორი ზაზა ჭიპაშვილიც ადასტურებს.

“მართალი გითხრათ გაკვირვებას იწვევს ჩემში და გულიც უზომოდ მწყდება ბესოს ამ გადაწყვეტილებაზეც, რადგან იგი დემოკრატიის სკოლის აქტიური მსმენელიც იყო. კურსდამთავრებულთა კონფერენციებსა თუ აქტივობებშიც მიუღია მონაწილეობა, დემოკრატიულ ღირებულებებზეც გაუკეთებია პრეზენტაცია. ასევე მისი სადოქტორო დისერტაციის პრეზენტაიაც კი გავაკეთეთ ჩვენს სივრცეში. თუმცა როგორ შეიცვლის განწყობებს და ღირებულებებს ესა თუ ის პიროვნება ცხოვრების ამათუიმ ეტაპზე , ეს უკვე მისი არჩევანი და გადასაწყვეტია“, - განმარტა ზაზა ჭიპაშვილმა.

კაიშაურის და მისი მხარდაჭერილი ორგანიზაციის მიდგომებს ეწინააღმდეგება "დემოკრატიის სკოლის" ერთ-ერთი კურსდამთავრებული თეონა ფანქველაშვილი. ის ამბობს, რომ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიული კურსი აქვს აღებული, საბჭოთა სიმბოლიკების ადგილი არ არის.

“თავისუფლების ქარტია საბჭოთა სიმბოლიკებს კრძალავს, ქალაქში ორი ძეგლია დარჩენილი და ისიც უნდა აიღონ. სტალინის ძეგლი ვერ დაბრუნდება. თუ კანონში ცვლილებების შეტანას აპირებს ეს ორგანიზაცია, მაშინ ასიათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. ცოტა არარეალური მეჩვენება ამდენი ხელმომწერი ჰყავდეს დიქტატორის ძეგლის დადგმას. დემოკრატიულ ქვეყანაში საბჭოური სიმბოლიკები არ უნდა არსებობდეს. სახელმწიფოს აქვს კურსი აღებული ევროინტეგრაციისკენ და ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს“, - თქვა თეონა ფანქველაშვილმა

ინფორმაციისათვის, თავისუფლების ქარტიის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.