Back to Top
ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018 18:14

ფიქრია გელაშვილი: დღეს ყველაფერი ჩაანაცვლა კომპიუტერმა

Written by
Rate this item
(0 votes)

"ფეისბუქი ჩემთვის არის კედელი, სადაც ვათავსებ ჩემი აქტივობების და ინტერესების შესახებ ყველაფერს,“ -თქვა ფიქრია გელაშვილმა გადაცემაში ,,საუბრები“. 

,,ჩემს ბავშვობაში, როცა არ იყო ინტერნეტი და სოციალური ქსელები, ვაკეთებდით ხოლმე კედლის გაზეთებს. ვცდილობდით იმ გაზეთზე დაგვეტანა ყველაფერი - მიგვეკრა ფერადი ფურცლები, კანფეტის ბრჭყვიალა ქაღალდები, ლამაზი მარკები, ფერადი ნაჭრები, რათა ჩვენი კედლის გაზეთი ყოფილიყო ძალიან ლამაზი. ეს იყო მაშინდელი ჩვენი სოციალური ქსელის კედელი. 21-ე საუკუნეში უკვე გაჩნდა ფეისბუკი, სადაც საკუთარი ინტერესების გამოხატვა შეგვიძლია ყველას - დიდებსაც, ბავშვებსაც და ახალგაზრდებსაც. დღეს ყველაფერი ჩაანაცვლა კომპიუტერმა, შეგიძლია წერო, იკითხო, ითამაშო, ფუნჯიც კი ჩაანაცვლა და შეგიძლია ხატო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, სოციუმთან წყვეტ კავშირს. კიბერდამოკიდებულება იწვევს გაუცხოებას ისეთ დონეზე, რომ ასეთ ადამიანებს ურთიერთობები აღარ შეუძლიათ, ვეღარ ამყარებენ მეგობრებთან კონტაქტს, უჭირთ საუბარი თუ საჯარო გამოსვლა, თითქოს ლექსიკური მარაგიც აღარ აქვთ. ეს მხოლოდ ბავშვებში არაა გავრცელებული და ბევრი ცუდი შედეგი მოაქვს, მათ შორის სუიციდი. კომპიუტერზე მიჯაჭვული ბავშვი ექცევა იზოლაციაში, კარგავს კონტაქტის სურვილს, კარგავს საკუთარი არსებობის და საკუთარი თავის შეგრძნებას. ეს იმიტომ, რომ თავის თავს პოულობს კომპიუტერულ თამაშებში თუ სხვადასხვა აქტივობებში. მშობლის როლი იმაშია, რომ მაქსიმალურად დატვირთოს ბავშვი, ეცადოს, რომ ყველაფერში ჩართოს, ატაროს სპორტზე, ცეკვაზე, რათა კომპიუტერის ნაკლები დრო და ინტერესი დაუტოვოს", - ისაუბრა ფიქრიამ.

 შეგახსენებთ, რომ "საუბრები“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ კვირას, 20:00 საათზე.  

Read 1156 times